რატომ სურთ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღება? პრემიერის არგუმენტები

პრემიერის თქმით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, რადგანაც საზოგადოება პრაქტიკულად არ ფლობს ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის კი ხელმისაწვდომია ინფორმაციის მაქსიმუმ 18%, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული იმ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები. ამისთვის ახლად ინიცირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე.
„ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან თავისი რესურსით ყველაზე ძლიერი, ამ შემთხვევაში მდიდარს არ ვიტყვი, და ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ, მაქსიმუმ, 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომლებსაც ხარჯავენ", - განაცხადა კობახიძემ.
კერძოდ, პრემიერის თქმით, მთლიანმა თანხამ, რომელიც დეტალების გარეშე იყო მითითებული, 85,4 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სულ მცირე, ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან ანუ 15, 4 მილიონ ლართან დაკავშირებით", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„ენჯეოები" ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ საზოგადოების წინაშე - დეპუტატი კანონპროექტზე>>>
როგორც პრემიერმა განმარტა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 85-დან მინიმუმ 77 მილიონი ლარი დახარჯეს ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ.
„ამის თაობაზე მთავრობასაც კი არ აქვს არავითარი ინფორმაცია. აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ", - განაცხადა კობახიძემ.
შესაბამისად, კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ნული ინფორმაცია, უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებისთვის კი არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმ 18%.
გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხარჯების დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. აქ არ შედის, მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის იჯარის ხარჯების დიდი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა.
„ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე საზოგადოებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობისთვისაც კი აბსოლუტურად მიუწვდომელია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ და რისთვის დაფინანსდა, აღნიშნა პრემიერმა.
„აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა თვისებრივად გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ და რას აფინანსებს. შესაბამისად, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, მაგრამ ფაქტები ცხადყოფს, რომ არ არის უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა“, - დასძინა მან.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაირკვა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები Factcheck და „მითების დეტექტორი" სოციალურ ქსელებში ცენზურას ახორციელებენ. ამ ორგანიზაციების უკან დგას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მუშაობდა.
„ეს ადამიანები თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ აფილირებული იყვნენ ხელისუფლებასთან, ისინი თავად აწარმოებდნენ მედიასაშუალებების ცენზურას. დღეს მათ ამ მასშტაბით ამის გაკეთების საშუალება არ აქვთ, მაგრამ სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ამ ცენზურას – ეს არის სოცმედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საინტერესოა, რომ ამ ცენზურას ხელისუფლების ოპონენტებს შორის „ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი“ მოჰყვა.
„ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ, ხოლო საპირისპირო განცხადებები რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცით", - აღნიშნა კობახიძემ.
გაუმჭვირვალობა და ცენზურა აბსოლუტურად მიუღებელია, აღნიშნა პრემიერმა.
„მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე რირებულებას – ეს არის გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებელი;
- იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
- იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.