აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრია მოთავსებული.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია მედიაში 7 აპრილს, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ის თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია „ბეთლგრაუნდის" თანამშრომელი.
დაშავებულებიდან ერთ-ერთი, 59 წლის მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, მას მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ ორი დაზარალებული - 30 და 39 წლის მამაკაცები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძეემ განაცხადა, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
„ყველაზე მძიმე პაციენტი, 59 წლის მამაკაცი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, კვლავ დამწვრობით შოკის მდგომარეობაში, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის სტაბილური. დანარჩენი 2 პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით გართულებების გარეშე მიმდინარეობს," - განაცხადა ქაშიბაძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ-ექსპერტი.
აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.