თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი მიიღო ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ უარს ლოგიკურად მიიჩნევს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ზურაბიშვილს საგარეო ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს. 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის მიზეზი გახდა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურის დასასრულებლად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.
საქართველოს პრეზიდენტმა 10-12 აპრილს ლიეტუვაში ვიზიტის ნებართვის მოთხოვნით მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
„პრეზიდენტი სასწაულ სკანდალში გაეხვია, იურიდიულ სკანდალი დავარქვათ ამას. იცით, რომელი მუხლით მიმართა ადმინისტრაციას? საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელზეც ამბობდა, ამ მუხით ნებართვა რა შუაშიაო, არ უნდა გაიცემოდესო“, – აღნიშნა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ამ მიმართვით მან აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი დავა იყო სიცრუე და ფეიკი, აღნიშნა მან.
მმართველი ძალის სხვა ლიდერმა გივი მიქანაძემ პრეზიდენტისთვის ვიზიტზე უარის თქმას ლოგიკური უწოდა, რადგან ის, მისი თქმით, მოქმედებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს 2022 წელს და მან შეიწყალა ისეთი დამნაშავე, როგორიც ნიკა გვარამია იყო.
„ახლა, როდესაც მან მოითხოვა შესაბამისი პროცედურით ნებართვა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, ამავდროულად, არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე კონსტიტუციის დარღვევაზე.
„ასეთი ადამიანისთვის იმის უფლების მიცემა, რომ მან განახორციელოს ქვეყნის სახელით მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტი, რა თქმა უნდა, არანაირ საფუძველს არ იძლევა“, - აღნიშნა მიქანაძემ.