თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. მის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შემთხვევა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. საქმეზე 29 წლის ქალი დააკავეს.
როგორც უფლებადამცველი წერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გადაუკვალიფიცირდა, მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
„ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შეუცვალეს და ახლა ცრუ ჩვენებას ედავებიან - რატომ თქვი, რომ მე მოვკალიო", - წერს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ქალი არის შშმ პირი და აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
სასამართლო პროცესი გუშინ ქუთაისში გაიმართა. მოსამართლემ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაკავებულმა განაცხადა, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და მისმა ძმამ მოკლა.