თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.
საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება აქტუალური გახდა უკრაინის კონფლიქტის ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ალტერნატიული უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნების საჭიროება გაჩნდა.
„პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
თავისი გამოსვლისას დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ენერგეტიკული მიმართულებით.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის გეგმები
საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის რეალიზებისთვის, მთავრობა გეგმავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ფინანსური ჰაბების სისტემების განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რკინიგზის მოდერნიზაციას და მთავარი სატრანსპორტო არტერიების რეკონსტრუქციის დასრულებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთს.
რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფნის როლის განვითარების ფონზე, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქმიანი და საინვესტიციო ურთიერთობები, ასევე ყურადღება დაუთმოს ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე უსაფრთხო და კომფორტული წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საქართველო გეგმავს იმ ქვეყნების სიის გაფართოებას, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობა განხორციელდება, და ყურადღებას დაუთმოს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საქონელბრუნვის გაიოლებას ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების შედეგად.