კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - იქნება თუ არა საპროტესტო აქციები

2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უარი თქვა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. „საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გამო არანაირი საპროტესტო აქციები არ უნდა იყოს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა, რომლის მიღებაც მთავრობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაიფიქრა.
„არა, აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს. 6 თვეში არის არჩევნები და მუხტი, რომელიც ახლა დაგროვდება, ნებისმიერ სისულელეზე, რომელსაც „ქართული ოცნება" ჩაიდენს, მისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მკვეთრად გამოეხმაურნენ უმრავლესობის გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა შემოღების შესახებ და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
„გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას“, - განაცხადა ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა, დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“.
ამასთან, ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აპირებს პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტი წარუდგინოს.
„ჩვენ გამჭვირვალობასთან არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ესაა თქვენ და თქვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა სურს და ამას საკუთარი თავის გადასარჩენად აკეთებს, მიაჩნია ოპოზიციონერს.
„ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და შინაარსობრივად ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ, თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს - იმოქმედეთ, გამოავლინეთ და დასაჯეთ“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი დაინიცირება იმით იყო დასაბუთებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალიზმისა და საზოგადოების პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა შემცირდა, პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს დაპირება, რომ ეს დაფინანსება გამჭვირვალე იქნებოდა.
„ერთადერთი აქტორი არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე იატაკქვეშ არიან და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ იატაკქვეშ ბევრი ფული იხარჯებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, მიდიოდა პარტიულ ყულაბაში, იხარჯებოდა რადიკალურ ჯგუფებზე და ისევ ამ იატაკქვეშ ყოფნა სურთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული სახელმძღვანელოდან ამოკითხულ კამპანიას აწარმოებს, როცა შეძახილებითა და ემოციებით ცდილობენ საღი აზრის ჩახშობას.
„შარშან ამაში ნაწილობრივ მიაღწიეს წარმატებას... ემოციებზე ითამაშეს და არც კი მისცეს ხალხს ამ კანონის წაკითხვის საშუალება, რომ ადამიანებს გაეგოთ რაზე იყო საუბარი და საკუთარი ხელით აიძულეს მოსახლეობის ნაწილს უარი ეთქვა ინფორმაცია ჰქონოდათ იმათ ქმედებებზე, ვინც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამჯერად ემოციები და ყვირილით საღ აზრს ვერ ჩაახშობენ, დარწმუნებულია პაპუაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.