თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მას შემდეგ, რაც „უცხოური გალენის შესახებ" სკანდალური კანონპროექტის განმეორებით ინიცირების თაობაზე ოპოზიციამ კრიტიკა დაიწყო, პარლამენტის სხდომამ მუშაობა გარკვეული დროით შეაჩერა.
პარლამენტის პლენარული სესიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიუბრუნდეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევროდეპუტატების“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ, რომელსაც სიტყვა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების განხილვის დროს მისცეს, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის თემა წამოჭრა.
„ქართულ ოცნებას" სურს ქვეყანა დაანგრიოს... თქვენ ის პოლიტიკური ძალა ხართ, რომელმაც მოლაპარაკებების (ევროკავშირში გაწევრიანების - რედ.) დაწყების წინ რუსული კანონი დააბრუნა", - განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რეპლიკებით დეკანოიძე დეპუტატებს შეურაცხყოფს.
დეკანოიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ეს „რუსული კანონია", გაიმეორა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
„ამ კანონის დაბრუნებაა თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა", - განაცხადა ელისაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ელისაშვილს მიკროფონი გამოურთეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერების განცხადებებს ანტიქართული პროპაგანდა უწოდა.
„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ პარლამენტში ეწევით... ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს. გასულ წელს თქვენ ეს შეძელით, წელს არ გამოგივათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა დეპუტატები იმის თაობაზე გააფრთხილა, რომ მიკროფონს გაუთიშავენ ყველას, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებს.
სხდომათა დარბაზში ხმაურმა იმატა. ერთი მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მეორე მხრივ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ადგილებიდან რეპლიკები ისროლეს, შემდეგ კი ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა გადაწყვიტეს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო.
ვითარება ყველაზე მეტად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელისაშვილი „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან მივიდა და კანონპროექტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა. სიტყვიერი დაპირისპირება ძალისმიერში რომ არ გადაზრდილიყო, დეპუტატებს შორის ჯერ მანდატურები, შემდეგ კი კოლეგები ჩადგნენ და ორთავე მათგანი სხვადასხვა მხარეს გაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც მანდატურებმა ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ კანონის მიღება... ჩვენ გველოდება დიდი ვნაბათაღელვა და არეულობა", - განაცხადა ელისაშვილმა.
მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ რადიკალიზმის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა და საზოგადოებაში პოლარიზაცია რაღაც დონეზე შემცირდა, თუმცა პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს მათ მიერ მიცემული დაპირება ამ დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში".
კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.