თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწვავედ გამოეხმაურნენ და ერთხმად განაცხადეს, რომ იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიღებაზეც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე თქვა უარი. განცხადება ამის თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ზიანს აყენებს ევროინტეგრაციას, თითოეული ჩვენგანის ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ, რომ პარლამენტმა ეს რუსული კანონი არ მიიღოს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა პირდაპირი, მკაფიო განცხადება, რომ არ სურს ევროკავშირის წევრი გახდეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
„ამას სხვა ახსნა არ აქვს. ეს ბოლო წერტილია, მორჩა!" - განაცხადა ვაშაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ - გახდეს ევროკავშირის წევრი და იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე, ბოლო ბრძოლა გამოაცხადა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა აქუბარდიამ.
„ქართული ოცნება" რომ ვერ შეძლებს სკანდალური კანონპროექტის მიღებას, დარწმუნებულია ოპოზიციონერი დეპუტატი „ლელო საქართველოდან" ანა ნაცვლიშვილი.
„ეს მათ არ გამოუვათ. მათ თავიდან შემოიტანეს რუსული კანონი, რათა ქვეყანა საბოლოოდ მიაბან რუსეთს. ეს ბრძოლა გაგრძელდება - არა რუსულ კანონს!. საქართველო ყოველითვის წინ, ევროპისკენ ივლის", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამჯერად კანონპროექტს, ფართომასშტაბიანი პროტესტის შემთხვევაშიც კი, არ გაიწვევენ.
„არავითარ შემთხვევაში! ეს ძალიან პრინციპული საკითხია", - განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.