რა ხდება საქართველოს საზღვრებზე ტვირთებთან დაკავშირებით - საბაჟოს განმარტება

შემოსავლების სამსახური დეკლარირებული საქონლის კონტროლს რისკების მართვის სისტემის მიხედვით მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა eCustoms-ის მეშვეობით ახორციელებს
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში ე.წ. ყვითელი დერეფნით შემოსული საქონლის საბაჟო კონტროლი დაკავშირებულია რისკების გამოვლენასთან და პრევენციულ ღონისძიებებთან და არა საბაჟო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების სურვილთან, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქონლის უმეტესობა ე.წ. „ყვითელ დერეფანში“ ხვდება, სადაც მთლიანად მოწმდება დოკუმენტაცია და აუცილებელია იმპორტის გადასახადის გადახდა, ბიზნესმენებმა გაავრცელეს. მათი განმარტებით, ეს უარყოფითად აისახება მიწოდების ვადებზე. ბიზნესმენების მტკიცებით, ადრე საქონლის ძირითად ნაწილს „მწვანე დერეფანში“ ატარებდნენ და საქონელი არ მოწმდებოდა.
„საბაჟო კონტროლი, შემთხვევითი შემოწმების მეთოდის გარდა, რისკების კრიტერიუმებს ეფუძნება, რომლებიც შემუშავებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების საშუალებების გამოყენებით რისკების გამოვლენის, მათი შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების მიზნით“, - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახური დეკლარირებული საქონლის კონტროლს რისკების მართვის სისტემის მიხედვით მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა eCustoms-ის მეშვეობით ან გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა Oracle-ის გამოყენებით ახორციელებს. თავად პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია.
„მამტიცებელი ინფორმაცია, რომ თითქოს ტვირთების კონტროლის მექანიზმის გამოყენება ბიუჯეტის შევსებისკენ არის მიმართული, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ საბაჟო ან საგადასახადო რისკის პროფილით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით შემცირდა და ე.წ ყვითელი დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების რაოდენობამ პირველ კვარტალში მხოლოდ 14.3% შეადგინა.