ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. საქართველო პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების შეძენა 15 აპრილიდან იქნება შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი"
უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 13:00 საათიდან დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
26 მარტს „დინამო არენაზე" გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის სპეციალური ჩარტერული რეისები დანიშნა. რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.