თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ - პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის გაანგარიშებით.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება, რომელსაც თხილის მოვლისთვის სხვადასხვა საქონლის შესაძენად გამოიყენებენ - დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.
31 მარტის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 ათას ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.
მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართოთ. ბაღების რეგისტრაცია 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური ფუნქციონირებს.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა „ლიბერთი ბანკის “ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეადგინა თხილის კადასტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.