Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი
VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმიდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისათვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.
დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს, სარკინოზები შეიჭრნენ მონასტერში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს.
ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. ოცდაათი მამა გარდაიცვალა, მრავალი დაიჭრა.
სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდლად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. უსჯულოებმა წმიდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გამოგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა.
უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები. ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66)
წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
გამძვინარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა, მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტიდა ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.
ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტიდამ შენერწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.
წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა
მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) დროს შეიპყრეს ქალაქ ამასიაში (შავი ზღვის ნაპირას). დაკითხვაზე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს. ქალწულმოწამენი სასტიკად სცემეს, მკერდი მოაჭრეს, ალესილი კავებით დაუსერეს სხეული, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს გახურებულ ღუმელში.
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, აპოლონიის მთავარეპისკოპოსი, ღვთისმოსავი და მოწყალე მღვდელმთავარი, გამოირჩეოდა წმიდა წერილის ღრმა ცოდნით. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს მტკიცედ იცავდა ხატმთაყვანისმცებლობას, რისთვისაც გადაასახლეს. გარდაიცვალა გადასახლებაში.
სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან