თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორის და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს მიმართა, იუწყეა ტელეკომპანია „იმედი".
ტელეკომპანია „იმედმა“ სამშაბათს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ადეიშვილი ჰააგაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. მანამდე მსგავსი მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ ორგანოებს, ვინაიდან ადეიშვილი ბრიუსელსა და ბერლინში შეხვედრებში მონაწილეობდა.
„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - განაცხადეს პროკურატურაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.
ვინ არის ადეიშვილი
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.
ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.