თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რამდენიმე დონორი საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარულად დაფინანსებით უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ მქონდა საუბარი როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ისე უშუალოდ დონორების ხელმძღვანელობასთან, არის რამდენიმე დონორი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ეს რეგულირებადი სქემაა და არ შეიძლება ქვეყანაში წასვლა და ფულის ისე დახარჯვა, როგორც გინდა.
„არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო დახმარების პარიზის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს დონორებს, ერთი მხრივ, იყვნენ გამჭვირვალე და, მეორე მხრივ, პასუხისმგებელს ხდის იმ შედეგებისთვის, რომლებიც დგება მათ მიერ ფულის ხარჯვით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ყველა მოწოდებას, როგორც დახურულ კარს მიღმა, ისე საჯაროდ, შედეგი არ მოჰყოლია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც დონორების მხრიდან აბსოლუტურად ყრუ კედელს შევეჯახეთ“, - აღნიშნა მან.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაფინანსება
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო დონორების თანხების ნაწილი ტელეკომპანიების დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენენ.
თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ უცხოელი დონორები აფინანსებენ ტელეკომპანია „მთავარს“, რომელიც იცავს კონკრეტული პარტიის ინტერესებს, ეს ნიშნავს არჩევნებში პირდაპირ ჩარევას.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს.
„ეს ინფორმაცია თუ მართალია, რომ იღებს დაფინანსებას პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი „მთავარი არხი“, ნიშნავს, რომ რომელიღაც დონორი პირდაპირ უკვე ერევა არჩევნებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე მგანაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ 5-6%, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ გამოიყო.
თავის მხრივ, ტელეკომპანიამ უკვე გამოაქვეყნა განცხადება და უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები.
„რაც შეეხება ხელისუფლების და მათი მედიის მიერ დასახელებულ კონკრეტულ მიზნებს, თითქოს ტელეკომპანია „მთავარმა“ მიიღო გრანტი სასამართლოს და ლგბტ-პროპაგანდის დისკრედიტაციისთვის, არის თავად ხელისუფლების მიერ მოგონილი სრული სიცრუე, რომლის ამოცნობაც ადვილია", - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია „ტვ პირველის" დაფინანსება
ქართული ტელეკომპანიების უცხოეთიდან დაფინანსებაზე საუბრისას, პაპუაშვილმა გაიხსენა, რომ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წელს, ოპოზიციურ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტების ხელფასები ფინანსდებოდა ერთ-ერთი ამერიკული უცხოური ფონდის მიერ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხით ტელეკომპანის აქტიურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდა.
„შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც „ტვ პირველი“ იყო დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც შეეხებოდა ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილს საქმეებს. გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ამერიკული ფონდი პირდაპირ აფინანსებდა პარტია „ლელოს“ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს. ეს არის პრობლემა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
2020 წელს პროგრამისტ თამარ ბაჩიაშვილის გარდაცვალებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეებმა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.