თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ჯერ ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც საქართველოს ყოფილი გენპროკურორი, იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მის სამშობლოში ექსტრადირება მოახდინონ და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ქვეყანას მოსამართლეთა კონტროლის სისტემა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესრულებისა და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემას კლანი აკონტროლებს, დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა შეამოწმონ.
„ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, რომ ვხურავთ და ისინი არ გვახურვინებენ და გვეუბნებიან „არ დახუროთო" და თითს რომ გვიქნევენ, ვინც არ უნდა იყოს, ჯერ მიხედონ ადეიშვილს... სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას და შემდეგ ვილაპარაკოთ, დავხურავთ თუ არა ამ თემას". - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ადეიშვილი არის „სასტიკი, სისხლიანი კრიმინალი, მწამებელი და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთი“, რომელიც „მშვიდად დადის ევროპის ქუჩებში“.
ამჟამად ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ჰააგაში და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ის ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტს.
„უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება, ვიღაც შენ გეუბნებოდეს, რომ უნდა დაეთანხმო „ვეტინგს“, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ახორციელებს უკრაინასა თუ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მდინარაძემ.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვეტინგ-კონტროლის" თემა დახურულია, საქართველოშიევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიას განუცხადა, რომ ევროკომისიის პირველ ანგარიშში საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარი იყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
რაც შეეხება ადეიშვილის ჰააგაში მოგზაურობას, საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდებს მისი დაკავებისა და საქართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.
ვინ არის ადეიშვილი
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.
ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.