როგორ აფასებს სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, განაცხადა იოსელიანმა
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებაა.
საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.
გუშინ, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
მმართველმა პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე „გირჩის" ინიციატივას მხარი დაუჭირა>>>
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები.
ეს უკვე „გირჩის" მეორე მცდელობაა საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიებში გააუქმოს ქალების კვოტები. პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წელს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.