თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის მეორე ტურის გაუქმების ინიციატივით შეცდომას უშვებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტის მიღება.
„წინა არჩევნების მიხედვით, ეს შედეგები არ იქნებოდა „ქოცებისთვის" მომგებიანი. უბრალოდ მგონია, რომ შეცდომას უშვებენ და დავაშვებინოთ", - განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მეორე ტური ყოველთვის იყო ხელისუფლების უპირატესობა, რადგანაც ისინი ყოველთვის იგებდნენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მაჟორიტარული არჩევნების ბედიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ტურში გადაწყდება", - განაცხადა ხვიჩიამ.
„საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ინიციატივა შესაძლებელს გახდის არჩევნების შედეგების საფუძველზე საკრებულოს სწრაფ დაკომპლექტებას და, შესაბამისად, მის ეფექტურ ფუნქციონირებას.