დეპუტატი: მოსამართლეთა გამორჩევა ხელს უშლის სასამართლო სისტემაში პროცესების გაუმჯობესებას

ეს, რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელია, განაცხადა ცაგარეიშვილმა
Sputnik
თბილისი, 1აპრილი — Sputnik. მოსამართლეთა ფენებად დაყოფა არის უხეში ჩარევა სასამართლო სისტემაში, რომელიც, შესაძლოა, გახდეს დაბრკოლება და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის" მტკიცებით, საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების მომხრე მოსამართლეები ევროპაში მიიწვია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ნატა წნორიაშვილმა მოსამართლეები ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, თამარ ხაჟომია და თამარ ჩიხლაძე იტალიაში წაიყვანა. ყველა მოსამართლე, ჩიხლაძის გარდა, ღიად უჭერს მხარს ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას.
„მოსამართლეების ფენებად დაყოფა, მოსამართლეების არჩევა თუ ვინ უნდა დატრენინგდეს, ვინ უნდა გაემგზავროს ევროპასა თუ აშშ-ში და ვის უნდა აეკრძალოს ამგვარ ტრენინგებში მონაწილეობა, არის ძალიან ცუდი საქმე და უხეში ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმეებში", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, უფრო თავზარდამცემია, როდესაც ამას ე.წ.უცხოელი პარტნიორები აკეთებენ.
„გარწმუნებთ, მოსამართლეების გამორჩევა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებას. პირიქით, ეს ხელის შეშლაა", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში რეფორმების რამდენიმე ტალღა ჩატარდა.
„თუ ჩვენ ხელს არ შეგვიშლიან ამ რეფორმების გზაზე, იმისთვის, რათა სასამართლო სისტემაში სიტუაცია ბევრად უფრო გავაჯანსაღოთ, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. მე მგონი პარტნიორული ურთიერთობა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ვინ ითხოვს „ვეტინგ-კონტროლს" საქართველოში ? დეპუტატის განმარტება>>>
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.