თბილისი, 31 მარტი — Sputnik. 2024 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ 9 770 ადამიანს მიაღწია, მათგან 356 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
1 მარტის მდგომარეობით პატიმართა საერთო რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის 0,27% შეადგინა. ამასთან, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 82,1%-ით იყო შევსებული.
პატიმართა მთლიანი რაოდენობის 18,4% სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დანარჩენებს კი უკვე მიესაჯათ სხვადასხვა სასჯელი. მსჯავრდებულთა უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკის პირები არიან. ამასთან, საქართველოს ციხეებში 37 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 65 პირი იხდის სასჯელს.
ყველაზე მეტი მსჯავრდებული ქსნის მე-15 და თბილისის გლდანის მე-18 საპყრობილეში იმყოფება.
რაც შეეხება პატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათი რაოდენობა დაახლოებით 1,9 ათასია - უმეტესობის ასაკი 31-დან 49 წლამდეა. განაჩენს ელოდება 24 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 13 პირი.
საქართველოში მსჯავრდებულთა უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არის დაპატიმრებული. მათი დიდი ნაწილი ციხეში ეკონომიკური დანაშაულისა და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება) ზის.
მაღალი რისკის ციხეში 178 პატიმარია. დანარჩენები დახურულ და ნახევრად ღია ტიპის ციხეებში იხდიან სასჯელს.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 53 ქვეყნის 862 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 8,5%-ს შეადგენს.
უცხოელი პატიმრების უმეტესობა მამაკაცია. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, 81 კი ქალი.
დაპატიმრებულ უცხოელთა დაახლოებით მესამედი თურქეთის მოქალაქეა. შემდეგ მოდის რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. მათ გარდა საქართველოს ციხეებში სასჯელს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იხდიან.
პირობითად მსჯავრდებულები
საქართველოში 24,7 ათასამდე ადამიანს პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. მათი უმრავლესობა მამაკაცია, დაახლოებით 1,2 ათასი ქალი და 126 არასრულწლოვანი.
პირობითად მსჯავრდებულთა შორის არიან უცხოეთის 34 ქვეყნის მოქალაქეებიც — სულ 472 პირი. მათ შორის: რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.