მაშველებმა ბაკურიანთან ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

48 წლის დიტო გოგოლაძეს მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი— Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია უწყებიი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ 48 წლის დიტო გოგოლაძე მოიყოლა. მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხი გადაურჩა. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
ზვავში მოყოლილ მამაკაცს მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.