თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე - კორუფციულ ბრალდებებზე - კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ხელისუფლების ოპონენტებმა მოსამართლეებისთვის „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების თემა წამოჭრეს.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.
საიდუმლო ვიზიტი
ტელეკომპანია „იმედის" მტკიცებით, საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების მომხრე მოსამართლეები ევროპაში წაიყვანა. ვინ არიან ეს მოსამართლეები და რა მიზანს ემსახურება ვიზიტი, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ამ ინფორმაციას ჯერ არ ფლობს.
საქართველოს პრემიერს აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია არ აქვს, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. თუმცა, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია გარკვეული პრივილეგიების გამოყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევისთვის.
პრემიერ-მინისტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული სკანდალი გაიხსენა, რომელმაც 2022 წლის მაისში ნიკა გვარამია გაასამართლა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია „ახალის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
„გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე. მას მოსთხოვეს ამ კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და ამის შემდეგ გაუქმდა მისი ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მაშინ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ჩხიკვაძის თქმით ბურკმა შეხვედრისას მას შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.
ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
„ამ კონკრეტული ფაქტიდან ირკვევა, რომ ზოგიერთის თვალსაზრისით, გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები, განიხილება სასამართლო სისტემაში ჩარევის იარაღად, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა და, ბუნებრივია, ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება გვარამიას, მან საპყრობილე 2023 წლის ივლისში დატოვა, მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.
გვარამიამ დანაშაული არ აღიარა. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვაზე უარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს იყო მოსამართლის მიუკერძოებლობის დასტური, მაგრამ გვარამიამ გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა - მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
ტრაფარეტი „კლანის" წინააღმდეგ
გასულ ღამეს თბილისის ცენტრში სხვადასხვა შენობების კედლებზე წარწერები გაჩნდა: „მართლმსაჯულება იძებნება“, „სად ვიპოვოთ სამართალი“, „სასამართლო, გაცოცხლდი“, „ჩვენ ყველაზე მდიდარი მოსამართლეები გვყავს არა გონებით, არამედ ქონებით" და ა.შ.
„რაც შეეხება წარწერებს, ეს არის საბჭოთა სტილის კამპანია, რომელსაც საქართველოში უცხოური გავლენის აგენტები ახორციელებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ხომ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების სტიგმატიზაცია. ხომ გახსოვთ, რომ ამ მიზნით გამოიგონეს ტერმინი „კლანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სასამართლო სისტემას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ, რომლის პირობებშიც სასამართლო ხალხზე ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო.
„ბუნებრივია, საზოგადოებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ყოველივე ამას, უნდა დაუპირისპირდეს სიმართლეს. სიმართლე იმაშია, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როდესაც სასამართლო სწორედ ამ უცხოური გავლენის აგენტების ხელში იყო, ეს ინსტიტუტი ხალხის ტანჯვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.
სკანდალური აუდიოჩანაწერი
გამოცემა „ნეტგაზეთმა" პლენუმის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის შალვა თადუმაძის გამოსვლის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც თადუმაძის ხმას ჰგავს, თუ როგორ საუბრობს მოსამართლეებისთვის „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების მიზანშეუწონლობაზე და რომ კორუმპირებული პირები სასამართლოს გარეთ უნდა ეძებონ.
მან სხდომის დამსწრეებს ჰკითხა, მართლა სჯერა თუ არა ვინმეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ოთხზე მეტი კორუმპირებული ადამიანი ვერ იპოვა. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა სამ მოსამართლეს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ერთ ყოფილ მოსამართლეს ვალერიან ცერცვაძეს, რომელთა მიმართაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვები 2023 წლის აპრილში დააწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის“.
როგორც თადუმაძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხზე მუშაობდა, მაგრამ ქვეყნის სასამართლო სისტემის ინტერესების დასაცავად საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა. „სადაც ხელისუფლება მუშაობს, ისინი შედეგს აღწევენ“, - განაცხადა მან.
ამასთან, თადუმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებილებისთვის ცნობილია „უფრო კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უფრო გამორჩეული იყვნენ საერთაშორისო დონეზე“.
თადუმაძის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკაზე პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მთელი კამპანია დაიწყო.
„როდესაც საქმე სასამართლო სისტემას ეხება, ყველამ უნდა ილაპარაკოს ფაქტებით. ჩვენ დღემდე არ გვსმენია ფაქტები... სასამართლოს წინააღმდეგ საბჭოთა კამპანია მიმდინარეობს, ყოველგვარი ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სასამართლოს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ ისინი, რომელთა დაფინანსების წყაროც უცნობია.