საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავენ

კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს წინ უძღოდა 40-დღიანი მარხვა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს დღე ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს.
„ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
მათ, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს , დღესასწაული ასევე მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მორწმუნეებსმშვიდობა, სიყვარული და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიოში. გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს და წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
დღეს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა. თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.
2024 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღეს 31 მარტს ზეიმობს, ხოლო მართლმადიდებელი კი 5 მაისს.