ყაველაშვილი: ფეხბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის

ქართული საზოგადოება მზად არის გახდეს სპორტული ერი, აღნიშნა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლამ ევრო 2024-ზე გვაჩვენა, რომ ფეხბურთის ძალა აერთიანებს და შეუძლია კიდევ უფრო დიდი წარმატების მოტანა - საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს სპორტული ერი, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
„საზოგადოება მზადაა გამოწვევებისათვის, გულშემატკივრობისთვის და ეს აჩვენა კიდეც, როცა მეთორმეტე მოთამაშედ იყო სტადიონზე წარმოდგენილი. ფეხბურთის ძალა გვაერთიანებს, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ სპორტული ერი გახდეს, აღნიშნა მან.
„ამის პოტენციალი გვაქვს - რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესში. იმ გამოწვევასთან საბრძოლველად, რაც გვაქვს, მაგალითად ნარკომანიის სახით, თუ ალტერნატივა არ შესთავაზე ახალგაზრდობას, მხოლოდ დაჭერები და აკრძალვები არაა გამოსავალი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მოამზადა კარგი პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება წარდგენილი.
„ყველა რეგიონში აუცილებლად იქნება გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენისათვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.
2018 წლიდან საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყანაში. ქალაქებსა და სოფლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში და ქალაქში არის ფეხბურთის მოედნები და სავარჯიშო სივრცეები. გარდა ამისა, იხსნება საცურაო აუზები, სავარჯიშო და სპორტული ცენტრები.