პრემიერმა პრეზიდენტი არჩევნების საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა

პრეზიდენტმა გააკრიტიკა მთავრობის პოზიცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არის არჩევნების საბოტაჟი და ხელის შეშლის მცდელობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ცესკოს წევრების არჩევის წესის შეცვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავისი უთანხმოების გამოსახატავად ვეტო გამოიყენა, პარასკევს გააკრიტიკა მთავრობის პოზიცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.
„ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უნდა, ის ამას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ შეუერთდა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიას.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას შეუერთდა დღეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
არჩევნების თემასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი. ოპოზიცია ითხოვს მაქსიმალური რაოდენობის უბნების გახსნას, რათა ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს.
გადაწყვეტილებას, სად უნდა გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და სად არა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მას შემდეგ იღებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მონაცემებს გაუგზავნის.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.
2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.