თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ეკონომიკასა და ტურისტულ ინდუსტრიაზე დადებითად აისახება, რადგან ქვეყნის ცნობადობა საზღვარგარეთ იზრდება, ნათქვამია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ ანალიზში.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 26 მარტს დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
„ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს“, - ნათქვამია ანალიზში.
TBC Capital არის TBC ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას.
წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გაიმართება.
კონტინენტურ პირველობაში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.