თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს მითითებებს სამართლიანობისა და დემოკრატიის შესახებ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელ ართმევდნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლელი პარტნიორები პერიოდულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა. ზოგიერთი ევროპარლამენტარი კი საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების პოლიტიზირებაშიც კი ადანაშაულებს.
„თუკი სადმე რაიმე კეთილსინდისიერების პრობლემა არის, პრობლემა არის ზუსტად ასეთ ჯგუფებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, კრიმინალს, რომელმაც ადამიანის წამების სისტემა შექმნა ქვეყანაში, ხელს ართმევდნენ და დღეს მეგობრად მოიხსენიებენ. ცოტა ხნის წინ განცხადებაც მოვისმინეთ, რომ ის იყო მოდერნიზაციის „მოტორი“ თუ ა.შ. ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანები ასე ვერ ხედავენ რა არის სამართალი, კანონი, დემოკრატია, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ მათგან მითითებებს მართლმსაჯულებასთან და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამით „ევროპელი მეგობრები“, რა თქმა უნდა, სააკაშვილს აგულიანებდნენ იმისთვის, რომ გაეგრძელებინა თავისი რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში, განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ მაშინ ბევრმა უცხოეთში ქართველი ხალხი გაწირა იმისთვის, რომ სააკაშვილი ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედებების, ძნელი წარმოსადგენია, როგორი სიტუაცია იქნებოდა საქართველოში, ქვეყანას არეულობა მოიცავდა, აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
„შემდეგ არც წუხილი გამოხატა ვინმემ, არც ბოდიში მოიხადა“, - აღნიშნა მან.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხზე.
გასული წლის აპრილში სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
„დღეს, როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე, ზუსტად ამ სასამართლომ გამოიტანა განაჩენები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელი სასამართლოს საქმიანობაც სტრასბურგმა რამდენჯერმე მოიწონა ასეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გვეუბნებიან, რომ პოლიტიკურიაო. სად არის იმ ადამიანების ბოდიშები, რომლებიც ხელს ართმევდნენ სააკაშვილს და აგულიანებდნენ მას ამ საქციელისკენ (საზღვრის უკანონო გადაკვეთისკენ - რედ.)“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, სპიკერის თქმით, სააკაშვილი დღემდე მოთხოვნადია ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში უცხოეთში.
„დღემდე სააკაშვილი არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. დღემდე გვესმის ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ქედმაღლური განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა გადავცეთ და ა.შ. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დღემდე მიხეილ სააკაშვილს, კრიმინალს, ჩვეულებრივად იწვევენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.