თბილისი, 29 მარტი — Sputnik. იტალიაში, ქალაქ მატერაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“
პოლიციაში ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკმეკერული კომპანიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება 20 მარტს შევიდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 29 წლის მამაკაცი კომპანიაში სამზარეულოს დანით შეიარაღებული შეიჭრა, 6.000 ევრო წაიღო და ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნაძარცვი თანხა იპოვა. გარდა ამისა, სახლთან, ნაგვის ურნაში ის ტანსაცმელიც იპოვეს, რომელიც მას ყაჩაღობის მომენტში ეცვა.
მამაკაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა და აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.