თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები Scorpions და OneRepublic სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ს სცენაზე წარდგებიან.
Starring Georgia - ორწლიანი კამპანიაა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ და ხორციელდება Black Sea Arena-ს გუნდთან თანამშრომლობით. კამპანიის პირველი სეზონის ფარგლებში საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიცაა Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.
OneRepublic-ის კონცერტი 10 მაისს გაიმართება. ბილეთების გაყიდვა ვებგვერდებზე BSA.ge და TKT.ge ეტაპობრივად 29 მარტიდან დაიწყება.
რაც შეეხება Scorpions-ის კონცერტს, ის 31 მაისს გაიმართება, თუმცა ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
Scorpions-ის კონცერტი
© photo: Sputnik / Denis Aslanov
აღსანიშნავია, რომ OneRepublic-ის კონცერტი საქართველოში ორჯერ გადაიდო. პირველად ის გადაიდო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, მეორედ კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
ასევე ამ ზაფხულს აჭარაში ჯგუფ Jungle-ს კონცერტია დაგეგმილი, რომელიც 18 აგვისტოს გაიმართება. Jungle არის ბრიტანული ჯგუფი ლონდონიდან, რომელიც ასრულებს მუსიკას თანამედროვე სოულისა და ნეო-სოულის ჟანრებში.
ჯგუფი OneRepublic არის კოლორადო-სპრინგსიდან. იგი ცნობილი გახდა თავისი სინგლით Apologize, რომელიც აშშ-ში სამჯერ გახდა პლატინის და 2007 წლის ნოემბერში ბრიტანეთის ჩარტებში მესამე ადგილი დაიკავა.
Black Sea Arena
© photo: Sputnik / Stringer
ლეგენდარულმა გერმანულმა როკ-ჯგუფმა Scorpions-მა Black Sea Arena-ს სცენაზე კონცერტი 2016 წელსაც გამართა.
ჯგუფი Scorpions 1965 წელს გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა დააარსა. 1969 წელს მას შეუერთდა ვოკალისტი კლაუს მაინე. ჯგუფმა მსოფლიოს აჩუქა ისეთი როკ-ჰიტები, როგორიცაა Rock You Like a Hurricane ან Wind of Change, რომლებიც 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა. ჯგუფს 80-ზე მეტ ქვეყანაში 5000 კონცერტი აქვს ჩატარებული.