თბილისი, 28 მარტი– Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხებს არიცხინებდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრების ანგარიშებზე, შემდეგ კი ამ ფულს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
ამ დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340.000 ლარს.
გამოძიების პროცესში ბრალდებულების ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად თბილისში ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.