საფრანგეთში ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია წარადგინეს

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას სახელმწიფო უწყობს ხელს.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, პრესტიჟულ ღონისძიებებში ქართული ღვინო ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Le Pont Caucasien ორგანიზებით მონაწილეობდა.
ფესტივალი SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie ქალაქ მარსელში, LA FETE des VINS et de la GASTRONOMI - ქალაქ ტულონში, ხოლო SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS - ნიცაში გაიმართა.
კომპანიის Le Pont Caucasien ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს“, - აღნიშნავენ უწყებაში.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო- მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება მზარდია.