თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მოიყოლა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.