თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უარყო ხმები მისი გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ გუნდში რჩება.
პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - 4:2. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია“, - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის წარმატებისგან განსხვავდება: ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე.
„ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს“, - აღნიშნა მწრთვნელმა.
როგორც სანიოლმა აღნიშნა, გუნდმა პენალტების სერიაში ბევრი ივარჯიშა და შედეგიც სახეზეა.
გიორგი მამარდაშვილი
© courtesy of Giorgi Mamardashvili
მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც პირველი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია, განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი გულშემატკივრების გახარებისთვის იყო.
მისი თქმით, ფინალი დაძაბული და რთული იყო, ფეხბურთელები ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა, ქვეყნისთვის მაქსიმალურად დაიხარჯნენ.
ის, რომ თამაში დაძაბული იყო და ყოველ მონაკვეთზე უწევდათ ბრძოლა, საბერძნეთის ნაკრების კარში მეხუთე გადამწყვეტი პენალტის ავტორმა ნიკა კვეკვესკირმა განაცხადა.
„უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. ეს არ იყო ადვილი. რთული და ემოციური იყო. მთელი საქართველო გვგულშემატკივრობდა. მატჩი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა. ყველას ვულოცავ“, – განაცხადა კვეკვესკირმა.
ფეხბურთელის თქმით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ღამეს გუნის მოთამაშეებმა მიიღეს აუცილებელი გამოცდილება, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ.
მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს მიმართა და სთხოვა გერმანიაში წასასვლელად და გუნდის საგულშემატკივროდ „ფული გადადონ".
„მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში!!” - თქვა კაშიამ.
ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩი კვარაცხელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთ მნიშვნელოვან მატცში უთამაშია, მსგავსი ემოციები სტადიონზე არსად არ უნახავს.
„ბედნიერი ვართ. ასეთი ემოციები ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ისინი ჩვენ 120 წუთის განმავლობაში გვგულშემატკივრობდნენ. ასეთი გულშემატკივრობა არც ერთ სტადიონზე არ მინახავს. დიდი მადლობა. თქვენ იყავით ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელია
© AFP 2024 / GIORGI ARJEVANIDZE
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა კი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ იღბალი საქართველოს მხარეს იყო, თუმცა მატჩში შანსები თანაბარი იყო - 50/50.
„შანსები იყო 50/50 და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც იღბალია მნიშვნელოვანი და ახლა იღბალი გადავიდა საქართველოს ნაკრების მხარეს. ასეთ თამაშებში ვიდეორეფერს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა", - განაცხადა პოიეტმა.
საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.