ქობულეთში 31 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე: დაკავებულს ბრალი წარედგინა

47 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ქობულეთში 31 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარედგინა, ნათქვამიასაქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არსებული უთანხოების ნიადაგზე, ნაცნობ პირს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 47 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე ქობულეთში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 -დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.