თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დამატებით რამდენიმე ეკრანი დამონტაჟდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
„21 მარტსაც, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი გულშემატკივრებისთვის. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს, ყველამ ვერ მოახერხა ბილეთების ყიდვა, რადგან სტადიონი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს. სწორედ ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ისევ მოვაწყვეთ სპეციალური სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც დიდი ეკრანი, ასევე დამატებითი ეკრანები, კვების ობიექტები, საბავშვო და გულშემატკივართა ზონები. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის მოყვარულთა განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ.
დედაქალაქის მერმა ქართველ ფეხბურთელებს დღევანდელ ისტორიულ მატჩში გამარჯვება უსურვა.
„მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, მოგმართავთ ბიჭებო - გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი. დარწმუნებული ვარ, ბრძოლის სულისკვეთებითა და შემართებით აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „დინამო არენაზე" დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. კერძოდ, თბილისის მეტრო და ავტობუსების გარკვეული მარშრუტები 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებენ.
დღევანდელი მატჩისადმი საზოგადოების მხრიდან ინტერესი იმდენად დიდია, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.