თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ხუთი და საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ისინი სოციალურ ქსელებში ყალბ გვერდებს არეგისტრირებდნენ, უცხო ქვეყნებს მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხინებდნენ.
„ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128.424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.