თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველო-საბერძნეთის მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს, ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, - განაცხადა ელჩმა.
დღევანდელი მატჩისადმი საზოგადოების მხრიდან ინტერესი იმდენად დიდია, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.