ძლიერი წვიმა, თოვა და ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
Sputnik
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოში 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.