ქართველები ყველაფრისთვის მზად არიან - სანიოლი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ყველაფრისთვის მზადაა, მათ შორის, საბერძნეთის წინააღმდეგ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში პენალტების სერიისთვის, განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე" გაიმართება.
„თამაში არა 90, არამედ შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ყველაფრისთის მზადაა. ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? დიახ, გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ", - განაცხადა სანიოლმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ყველა მოთამაშე მობილიზებულია და მზადაა მატჩისთვის.ყველას ესმის, რომ თამაში რთული იქნება.
„როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს შევხდებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ფინალი და მოგება ორივეს გვინდა", - განაცხადა სანიოლმა.
მწვრთნელმა გამარჯვებულის მენტალიტეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში ცოტას. ყოველდღე მიზნისთვის უნდა იცხოვრო და ამისთვის ყოველდღე რაღაც გააკეთო", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს წინსვლის მისწრაფება აქვთ. ისინი ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება - „დინამო არენას" სტადიონი 54.549 ადამიანზეა გათვლილი.
ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.