თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოსა და საბერძნეთს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ასევე გახანგრძლივდება ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო.
„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 24:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალური მატჩი თბილისში, „დინამო არენას" სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პარალელურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი დამონტაჟდება.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.