თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ისინი სრულიად პროპორციული იქნება და პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს. ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა ქვეყანამ საკუთარი მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება შეძლოს, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს შეაჩერონ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა და ეს დღეისთვის მთავარი ამოცანაა.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მათ მოსახლეობის 60% უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის მაღალ რეიტინგს ეჭვქვეშ აყენებს.
პრემიერის თქმით, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მუქარა არ გამქრალა და ამისგან თავის დასაცავად აუცილებელია ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" დარჩეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლა არსებობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ახლა ძალიან რთული დროა, მე ვუთხარი ჩვენი გუნდის წევრებს, რომ ის საფრთხე, რომელიც არსებობდა შარშან და წინა წელს - ვგულისხმობ მეორე ფრონტის საფრთხეს - არსად გამქრალა. ამიტომაც აუცილებელია ქვეყანა მშვიდობისკენ გონივრული და მტკიცე ნაბიჯებით წავიყვანოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს როგორც ოპოზიციის ნაწილმა, ისე უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.