საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას გეგმავენ

მმართველი პარტიის მოსაზრებით, ინიციატივა საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის გაზრდას გახდის შესაძლებელს
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის მეორე ტურის გაუქმების შესახებ ინიციატივა მოამზადა.
მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტის მიღება.
მმართველი პარტიის განცხადებით, ინიციატივა შესაძლებელს გახდის არჩევნების შედეგების საფუძველზე საკრებულოს სწრაფად ჩამოყალიბებას და გაზრდის მისი მუშაობის ეფექტურობას.
„არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება მეორე ტურის ჩატარება, რაც ხელს უშლის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს სწრაფ დაკომპლექტებას და, შესაბამისად, მის ეფექტურ ფუნქციონირებას“, - ნათქვამია ინიციატივის განმარტებაში.
ინიციატივის თანახმად, რომელიც 25 მარტის ბიუროს სხდომას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახით წარედგინება, პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.