Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ მიაგებს მათ პატივს მართლმადიდებლური ეკლესია.
წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერღამელი
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 26 სექტემბერს) მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის (54-68) დროს. იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, სადაც უფალმა მას გამოუცხადა ქვეყნიერებისა და წმიდა ეკლესიის მომავალი.
„და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:
ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს“ (გამოცხ. 2, 12-13).
წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებით და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერღამის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას. განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა შეიყვანეს არტემიდეს ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო (+68).
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე
წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში.
პროკლე და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებას და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. როცა წმიდა მოციქული პეტრე ჩაამწყვდიეს მამერტინის ციხეში, პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელიღეს და იგი საპყრობილედან გაანთავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინმა შეიტყო ეს ამბავი და ახალნათელღებულებს მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება პავლინის ბრძანებით წმიდანები სასტიკად ცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მალე პავლინს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინის შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი ფარბეთა
იმ უდაბნოში ცხოვრობდა, სადაც ღირსი იოანე (ხს. 29 მარტს) მოღვაწეობდა. ჭაში მჯდომ იოანესთან საზრდელი წმიდა ფარბეთას მიჰქონდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით