ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24-25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
„გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები - ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღე.1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როფორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, - ტომოსი.
ამავე დღეს (1990 წლის 4 მარტს) მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.
საქართველოში დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.