თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იგეგმება. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
„ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რკინიგზაც გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ჯერ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, რკინიგზაზე საუბრამდე ჯერ ხალხი უნდა შერიგდეს და გზა შერიგებისკენ უნდა იყოს მშვიდობა და განვითარება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხალხმა არ უნდა იბრძოლოს, რადგან ამ ჭრილობას მეორედ ვერც აფხაზები, ვერც ოსები და ვერც ქართველები ვეღარ გადაიტანენ.
„მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ, ჩვენს ტერიტორიებზე, იმ ხალხთან ერთად განვითარებაზეც ვილაპარაკებთ, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, - აღნიშნა მან.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საკანონმდებლო დონეზე კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.