პუტინი: ტერაქტთან დაკავშირებულ ყველა პირს სასჯელი ელოდება

რუსეთს არაერთხელ გამოუვლია უმძიმესი, ზოგჯერ აუტანელი განსაცდელი, ახლაც ასე იქნება, განაცხადა რუსეთის ლიდერმა
Sputnik
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. მოსკოვში, საკონცერტო კომპლექს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა ადამიანი დაისჯება, ეს არის თავდასხმა რუსეთზე და რუს ხალხზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიმართვაში.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაღუპულია 115 ადამიანი, ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 143-ს აღწევს. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
„ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, დამკვეთს სამართლიანი და გარდაუვალი სასჯელი ელოდება. ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც მოამზადა ეს სისასტიკე, თავდასხმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე“, - განაცხადა პუტინმა.
ახლა მთავარია, ტერაქტის ორგანიზატორებს ახალი დანაშაულის ჩადენის საშუალება არ მიეცეთ, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„მოსკოვსა და მის შემოგარენში, ქვეყნის ყველა რეგიონში დაწესებულია დამატებითი ზომები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებებისთვის. ახლა მთავარია, არ მივცეთ საშუალება ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან მდგომთ, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთი დადგა კარგად მომზადებული მასობრივი მკვლელობის წინაშე, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
„აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული და ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ბოროტმოქმედები პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ხოცავდნენ ხალხს, როგორც ოდესღაც ნაცისტები მოქმედებდნენ.
„დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ამას ოდესღაც ნაცისტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სჩადიოდნენ. მათ გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯა, დაშინების სისხლიანი აქცია მოეწყოთ“, - განაცხადა პუტინმა.
ტერაქტი „კროკუსში“
რუსეთმა იცის, რას ნიშნავს ტერორიზმის საფრთხე, ქვეყანას აქვს ყველა იმ სახელმწიფოსთან ურთიერთქმედების იმედი, რომელიც ტერაქტით გამოწვეულ ტკივილს იზიარებს, განაცხადა პუტინმ.ა
„ჩვენ ვიცით, რა არის ტერორიზმის საფრთხე, ჩვენ თანამშრომლობის იმედი გვაქვს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომლებიც გულწრფელად იზიარებენ ჩვენს ტკივილს. მზად ვართ, რეალურად საქმეში გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მტრებთან ბრძოლაში, საერთაშორისო ტერორიზმთან, მისი ყველა გამოვლინებით“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პუტინის თქმით, რუსეთს არაერთხელ გამოუვლია უმძიმესი, ზოგჯერ აუტანელი განსაცდელი, ახლაც ასე იქნება.
„რუსეთმა რთული, აუტანელი განსაცდელი არაერთხელ გაიარა, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს ახლაც ასე იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.
FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში, იტყობინება კრემლი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.
ტერაქტი „კროკუსში“
წინასწარი მონაცემებით, ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისა და წვის პროდუქტებით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ. თავდასხმის დროს ტერორისტებმა ავტომატური იარაღი გამოიყენეს. მათ საკონცერტო კომპლექსის შენობაში ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იხსენებს, რომელიც მომხდარის შეესწრო, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ყრიდნენ.