თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება 10,5 კმ-იან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მილიონი ლარია.