თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია მისი მდგომარეობიდან და დიდი ფინანსური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე გამოირიცხა.
„აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, ხიდი არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
„დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, როს გამოც მერიამ ხიდის დემონტაჟი გადაწყვიტა, ისაა რომ ის უფუნქციო გახდა.
„იუსტიციის სახლთან მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, განხორციელდეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.