თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“ (Silknet) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2 ათასი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტის დეტალებს სწავლობს, ნათქვამია პროვაიდერის განცხადებაში.
„კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ-სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება", - განაცხადეს „სილქნეტში".
პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის ტარდება საჭირო ღონისძიებები.
„სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან", - ნათქვამია განცხადებაში.
უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც
თემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, კომპანია „სილქნეტი“ ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს.
„სილქნეტი“ 2009 წლის აპრილში სამი ქართული კომპანიის (სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს „ვანექსი“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირი“) მიერ დაფუძნდა.
იგი საინვესტიციო ჯგუფი „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს-სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.