„არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ" - სანიოლი ლუქსემბურგთან მატჩზე

„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგის ნაკრები სათანადოდ უნდა შეაფასონ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ დაისვენონ, განაცხადა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალში 26 მარტს თბილისში, მეორე ნახევარფინალური წყვილის ყაზახეთი-საბერძნეთის გუნდების შეხვედრაში გამარჯვებულთან ითამაშებს. ამ შეხვედრაში გამარჯვება გუნდს ევრო 2024-ზე ისტორიულ გასვლას უზრუნველყოფს.
„ლუქსემბურგის ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მთავარია, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღონ", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, გუნდში საბრძოლი განწყობაა და თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა უნდა გააკეთოს.
„არის თუ არა გუნდში საბრძოლო განწყობა? სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ", - განაცხადა მწვრთნელმა.
ამჯერად, სიურპრიზები არ იქნება, დასძინა სანიოლმა.
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.