„ევრონესტის" ასამბლეა: მდინარაძემ უკრაინის დელეგაცია ტყუილში დაადანაშაულა

პოლიტიკოსის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში
Sputnik
თბილისი, 20 мар — Sputnik. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა არგუმენტად გამოიყენეს ტყუილი, რათა „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაეჭირათ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის ინიცირებას, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ მომზადებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, ათი ხმა იყო საჭირო. თუმცა, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ქართველმა ოპოზიციონერებმა მას მხარი არ დაუჭირეს. უკრაინის წარმომადგენლებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკური კურსის უკმაყოფილებით ახსნეს. მათ საქართველო დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში.
„ჯგუფმა, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ არც ერთი ასეთი მტკიცებულება და ფაქტი არ დადასტურებულა. მაგრამ უკრაინელების არგუმენტი ისეთი აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უნდა გამოიყენონ ეს ტყუილი იმის არგუმენტად, რომ ისინი არ აწერენ ხელს აქტს, საკუთარი ქვეყნის ევროინტეგრაციის რეზოლუციას“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები თავს უხერხულ სიტუაციაში იყენებენ.
„მსოფლიოში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს თუნდაც ერთი ფაქტი, მცდელობა გამოიყენონ საქართველო სანქციების თავიდან აცილებისთვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
რატომ ჩავარდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიციატივა?>>>
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.
ევრონესტი – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) დელეგაციებისგან.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.